ქუთაისის მუნიციპალიტეტს 270 მილიონიანი ინვესტიციის
განსახორციელებად ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის დაბრუნება ჯერ არ მოუთხოვია. როგორც ქუთაისის საკრებულოში განმარტავენ , ინვესტიციის განხორციელების ვადა ჯერ არ გასულა.
“2016 წლის 21 მარტის N 244 განკარგულების საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნით სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა. მოთხოვნას თან ერთვოდა შპს “აია ინტერტაიმენტის” მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პაკეტი. თუმცა ამავე განკარგულების მე-2 მუხლის საფუძველზე თუკი ინვესტორი არ შეასრულებს ეკონომიკის სამინიტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობებს ქუთაისის მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებამოსილებას, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნდეს ქალაქს. განკარგულების შესაბამისად საკითხის კონტროლი საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის ვალდებულებაა.” – აცხადებენ საკრებულოში.
მათივე ინფორმაციით, რომელიმე სხვა ინვესტორზე მიწის ნაკვეთიას გაყიდვა ამ ეტაპზე არ განიხილება.
პროექტის მიხედვით, ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარედ, სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსები, რესტორნები, სამორინე, სავაჭრო ცენტრი, აკვა-პარკი, კინოთეატრი, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო კომპლექსი, სათამაშო ბიზნეს სივრცე, კორტები, მსოფლიო სტანდარტების ღია სტადიონი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა უნდა მოწყობილიყო.