სამი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ცესკოს არჩევნების მეორე ტურის არასამუშაო
დღეს დანიშვნისაკენ მოუწოდებს. მათივე ინფორმაციით, ცესკოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაცია შედეგების შეჯამებასთან ერთად კენჭისყრის თარიღსაც დანიშნავს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ ოთხშაბათი, 28 ნოემბერი განისაზღვრება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს და შემაჯამებელ ოქმს ადგენს კენჭისყრის გამართვიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა, რაც დღევანდელი მოცემულობით 17 ნოემბერს, შაბათს წარმოადგენს. საარჩევნო კოდექსი არ ავალდებულებს ცესკოს შედეგები შეაჯამოს და გამოაცხადოს საარჩევნო დავების დასრულებისთანავე. შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს კანონისმიერი შესაძლებლობა არჩევნები შეაჯამოს შაბათს, 17 ნოემბერს და აქედან გამომდინარე კენჭისყრის თარიღი დანიშნოს არასამუშაო დღეს.
“საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათთვის განსაკუთრებულად რთულდება საარჩევნო უფლების რეალიზება იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება, რადგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ უქმე დღე არ იქნება.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის თარიღად 1 დეკემბრის, შაბათი დღის განსაზღვრა საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეების საარჩევნო უფლებების რეალიზების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ორგანიზაციები მოუწოდებენ ცესკოს, გაიზიაროს იგივე სულისკვეთება და პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადების თარიღთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს საქართველოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლების რეალიზების მნიშვნელობა.