საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებამდე 4 დღე დარჩა.
პარტიების წარმომადგენლები ქალაქებში საარჩევნო პლაკატების გაკვრას აქტიურად ცდილობენ. გამონაკლისი არც ზესტაფონია, სადაც საარჩევნო პლაკატის გარეშე არც ერთი ხეა დარჩენილი. ქალაქში არსებულ მწვანე ნარგავებსა და მოსასვენებელ პარკებში არსებულ ხეებზე უმეტესად გრიგოლ ვაშაძის, სალომე ზურაბიშვილისა და დავით ბაქრაძის საარჩევნო პლაკატებია გაკრული.
ზესტაფონის საკრებულოს 2018 წლის განკარგულების მიხედვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად შემდეგი ადგილები გამოიყო: ქალაქის ტერიტორიაზე რკინიგზის ზოლის მიმდებარე ბეტონის კედელი და მგზავრთა მოსაცდელები და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული ქონება, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში.
განკარგულება კრძალავს პლაკატების განთავსებას საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერსა და საგზაო ნიშნებზე.
განკარგულებაში პირდაპირაა მითითებული, რომ არ შეიძლება სააგიტაციო მასალების გაკვრა დასასვენებელ პარკებსა და ბაღებში, თუმცა, განკარგულებაში არ არის დაკონკრეტებული დასაშვებია თუ არა სააგიტაციო მასალების განთავსება ქალაქში არსებულ სხვა მწვანე ნარგავებზე.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია, არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.