“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, ხონის მუნიციპალიტეტის
მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები, სასამართლოს მიერ მათ წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, სამსახურეობრივ პოზიციებს ორი თვის განმავლობაში უკანონოდ ინარჩუნებდნენ. მათივე განმარტებით, გამოძიება მერის პირველი მოადგილის გელა ჩოგოვაძის, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის, ზაზა რუხაძისა და მერიისა და საკრებულოს ოთხი საჯარო მოხელის წინააღმდეგ 2016 წელს დაიწყო, 2018 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ისინი თანამდებობებიდან მხოლოდ 2018 წლის 25 სექტემბერს გათავისუფლდნენ. საქმე ეხებოდა 2015 წლის დეკემბერში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში არსებული 5372 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთის მაშინდელი გამგებლის მოადგილის, ოთარ ქაშიბაძის მეუღლის ნინო ქაროსანიძისთვის გადაცემის ფაქტს.
2016 წელს თაღლითობის, დოკუმენტების გაყალბებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებების გამო დაწყებული გამოძიება 2018 წლის აგვისტოში მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. პროკურატურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ოთარ ქაშიბაძის მეუღლეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიღებული უძრავი ქონება ჩამოერთვა, ზაზა რუხაძესა და გელა ჩოგოვაძეს თაღლითობისთვის განესაზღვრათ პირობითი მსჯავრი 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით, საჯარო მოხელეებს კი 2000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.
“გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ხონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებდნენ, მეტიც გელა ჩოგოვაძე გამოძიების დაწყების დროს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვის და აღრიცხვის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა, მოგვიანებით კი ხონის მერის მოადგილედ დაწინაურდა. გარდა ამისა, გელა ჩოგოვაძესა და ზაზა რუხაძეს შეუნარჩუნდათ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება სწორედ ამ კომისიის მუშაობის ფარგლებში მათ მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულების გამო მიმდინარეობდა,”-აცახდებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში”.
საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 43-ე და 59-ე მუხლების, ასევე საქართველოს კანონის “საჯარო სამსახურის შესახებ” 107-ე მუხლის მიხედვით, მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირის, ასევე საჯარო მოსამსახურის განთავისუფლების საფუძველი არის მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა. მოცემულ შემთხვევაში, მათი განთავისუფლება სასამართლოს განაჩენის გამოტანისთანავე არ მომხდარა, რაც კანონდარღვევაა.