გამოძიება ფაქტიურად დასრულებულია. აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
დეპუტატმა ქუთაისის საკრებულოში გია უკლებამ გააკეთა. დეპუტატი მასზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე გუშინ ბოლოჯერ დაკითხეს. როგორც გია უკლება ამბობს, გამოძიებას თავდასხმაში მონაწილე პირები უკვე დაკითხული ჰყავს. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ძალადობის ამსახველი კადრების შესწავლა მიმდინარეობს.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მასზე თავდასხმის მიზეზად კვლავ პოლიტიკურ აქტივობას ასახელებს. უკლება აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატები მას ემუქრებოდნენ და ქალაქის მერისა და მმართველი გუნდისადმი კრიტიკის შეწყვეტას სთხოვდნენ.
“ეს იყო ჯგუფური ძალადობა, მოტივი კი მხოლოდ ჩემი პოლიტიკური აქტივობა იყო. ძალადობის წინაპირობა იყო 29 აგვისტო, როდესაც უმრავლესობის წევრებმა მერის კრიტიკის შეწყვეტა მომთხოვეს. მე ეს არ გავითვალისწინე, რასაც მოჰყვა თავდასხმა. მიზეზი ერთადერთია, რომ შევწყვიტო პოლიტიკური აქტივობა. მაქვს იმედი, რომ აღსრულდება სამართალი,”-განაცხადა გია უკლებამ.
საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უკლება თვლის, რომ გამოძიება ჯგუფურ თავდასხმაზეც უნდა დაიწყოს და საქმეში პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლიც უნდა დაემატოს.
უკლებას განცხადებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ უპასუხა. შენგელია აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის წევრები” მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობდნენ და საარჩევნო პერიოდის მშვიდ ვითარებაში ჩავლას უშლიდნენ ხელს.
“ხელისუფლების წარმომადგენლებს გვაქვს მეტი თმენის ვალდებულება, თუმცა, მათი მხრიდან პერმანენტულად ხორციელდება პროვოკაციული ქმედებები. აღნიშნული მიზნად ისახავს საარჩევნო გარემოს დაზიანებას. ეს არის სიძულვილის ენის საუბარი ამომრჩევლისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში დაპირისპირება 19 სექტემბერს მოხდა. ოპოზიციონერ დეპუტატს თავს უმრავლესობის წევრები დაესხნენ. უმრავლესობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ გია უკლება სოციალურ ქსელში დაწერილი სტატუსებით სალომე ზურაბიშვილსა და მის ამომრჩეველს შეურაცყოფას აყენებდა.