ფრაქცია “ევროპული საქართველოს” დეპუტატი მერაბ მეშველიანი ქუთაისში მრავალსართულიანი
კორპუსების სარდაფებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბრობს. დეპუტატის განცხადებით, წლებია, რაც კორპუსების სარდაფებში წყალი დგება და შენობების მდგრადობას საფრთხე ექმნება. მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ავანგარდის, პასილოკისა და ავტოქარხნის დასახლებებში.
“წყალი სარდაფებში რამდენიმე მიზეზით გროვდება, მათ შორისაა წყლის ქსელიდან ქცევა, კანალიზაციის ქცევა სადარბაზოებში და გრუნტიდან ჩადენილი წყლები. ქუთაისში კორპუსების 80%-ის სარდაფებში წყალი დგას,”-ამბობს მერაბ მეშველიანი.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, ადგილზე ექსპერტიზის დასკვნა უნდა ჩატარდეს და კორპუსების მდგომარეობა უნდა შეისწავლონ. მისივე განმარტებით, უნდა შეიქმნას შესაბამისი პროექტი, რომლის განხორციელებაც ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მეშველიანის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად 100 000 ლარი საკმარისია.
ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წინაშე საკითხი რამდენჯერმე დააყენა, თუმცა, მერია პასუხისმგებლობას წყალმომარაგების კომპანიას აკისრებს და რეალური შედეგი არ ჩანს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია აცხადებს, რომ პრობლემებს მწყობრიდან გამოსული წყლის სისტემები ქმნის, რაც წყალმომარაგების კომპანიის პასუხისმგებლობაა. მისივე განმარტებით, პრობლემის მოგვარებაზე კორპუსის ამხანაგობებმა უნდა იზრუნონ.