“ლეიბორისტული პარტიის” ბრალდებებს ქუთაისის მერიაში უპასუხეს.
როგორც მერიაში განაცხადეს, პარტიის წევრები პრეისკურანტსა და სახელშეკრულებო თანხებს ვერ არჩევენ ერთმაენთისგან. მათივე თქმით, ქუთაისის მერია ყველა ტენდერს აცხადებს დაფარული აუქციონის წესით, სადაც ალბათობა ვინმეზე ტენდერის მორგებისა არის ნული.
,,სამწუხაროდ, “ლეიბორისტული პარტიის” წევრები პრეისკურანტსა და სახელშეკრულებო თანხებს ვერ არჩევენ ერთმაენთისგან. რაც შეეხება გამოცხადებულ ტენდერებს და თეგეტა მოტორსის გამარჯვების საკითხს, ქუთაისის მერია ყველა ტენდერს აცხადებს დაფარული აუქციონის წესით ე. წ. ნატ ტენდერით, სადაც ალბათობა ვინმეზე ტენდერის მორგებისა არის ნული. ქუთაისის მერიის მიერ სულ გამოცხადებულია 3 ელექტრონული ტენდერი. აღნიშნული კლასიფიკატორის მქონე შესყიდვა, კანონის თანახმად, სავალდებულოა გამოცხადდეს პრეისკურანტით, სამივე შესყიდვის ხელშეკრულებათა ჯამური ღირებულებაა 72 900 ლარი, ხარჯვა ხდება სახელშეკრულებო თანხიდან და არა პრეისკურანტის თანხიდან,”-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ “ლეიბორისტული პარტიის” წევრები ქუთაისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებენ. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, სამსონ გუგავას თქმით, მერიამ მიმდინარე წელს ავტომანქანების შეკეთებისთვის მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. გუგავას განცხადებით, შეუძლებელია 20 ავტომობილის შეკეთებას აღნიშნული თანხა დასჭირდეს.
პარტიაში აცხადებენ, რომ მერია ხელშეკრულებას მხოლოდ კომპანია “თეგეტა მოტორსთან” აფორმებს, რაც პირდაპირ კორუფციაზე მიუთითებს.
“ლეიბორისტული პარტიის” წევრები სამართალდამცავ ორგანოებს საქმით დაინტერესებას სთხოვენ.