მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს წევრი, ლაშა შალამბერიძე საუბნო საარჩევნო
კომისიების ნეიტრალური წევრებით დაკომპლექტებას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც მოძრაობის წევრი აცხადებს, კომისიების შემადგენლობაში ნეიტრალური წევრების ნაცვლად, სახელისუფლებო ძალების მხარდამჭერები და აქტივისტები არიან შერჩეული. მისივე განმარტებით, საარჩევნო უბნებზე თანამდებობის პირების ნათესავები და ახლობლებიც გადანაწილდნენ.
“საუბნო საარჩევნო კომისიების ნეიტრალური წევრების 90% ოცნების მხარდამჭერია, მათ შორისაა ქალაქის მერის სიდედრი, საკრებულოს დეპუტატის ოთარ ლორთქიფანიძის მეუღლე, ბაგა-ბაღების დირექტორები, ააიპების თანამშრომლები და სხვა,”-განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.
ლაშა შალამბერიძის განმარტებით, აღნიშნული წევრები საპარლამენტო არჩევნებში საუბნო საარჩევნო კომისიებში “ქართული ოცნების” მიერ იყვნენ დანიშნული და ყველა მათგანს არა ერთი გაფრთხილება და ჯარიმა აქვს მიღებული.
“ძალა ერთობაშია” კომისიების შემადგენლობიდან “ქართული ოცნების” წევრების გამოთხოვასა და მათ რეალურად ნეიტრალური წევრებით ჩანაცვლებას ითხოვს.
#59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 123 უბანზე 730 წევრია არჩეული. 607 ნეიტრალურ წევრს კი საარჩევნო გამოცდილება აქვს.