ქუთაისის მერიაში ოპოზიციის ბრალდებას პასუხობენ.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “ძალა ერთობაშია”-ს წევრის განცხადებას უარყოფენ და განმარტავენ, რომ ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეიტრალური წევრების დანიშვნასთან ადგილობრივ თვითმმართველობას კავშირი არ აქვს. რაც შეეხება კომისიის შემადგენლობაში ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას სიდედრის დანიშვნას, მერიაში განმარტავენ, რომ ის ცესკოში 90-იანი წლებიდან მუშაობს.
“ცესკო აკომპლექტებს ნეიტრალური წევრების შემადგენლობას და ადგილობრივი თვითმმართველობა მის საქმიანობაში ვერ ჩაერევა. ქუთაისის მერის სიდედრი ცესკოში 90-იანი წლებიდან მუშაობს და მისი დანიშვნა 1-2 წლის წინ არ მომხდარა,”-განაცხადეს მერიაში.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს წევრი, ლაშა შალამბერიძე საუბნო საარჩევნო კომისიების ნეიტრალური წევრებით დაკომპლექტებას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც მოძრაობის წევრი აცხადებს, კომისიების შემადგენლობაში ნეიტრალური წევრების ნაცვლად, სახელისუფლებო ძალების მხარდამჭერები და აქტივისტები არიან შერჩეული. მისივე განმარტებით, საარჩევნო უბნებზე თანამდებობის პირების ნათესავები და ახლობლებიც გადანაწილდნენ.