ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ ქუთაისის მერიაში კომენტარს აკეთებენ.
მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი აცხადებს, რომ ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობის მიმდებარე მიწის ნაკვეთი ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე გადავა. მისივე განმარტებით, ადგილზე 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
“ნაკვეთი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. მოხდება ინვესტირება, რაც იმას ნიშნავს, რომ განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია და დასაქმდება 50 ადამიანი. უსახური შენობის ნაცვლად, მივიღებთ ლამაზ შენობა-ნაგებობას, რომელიც საინტერესო იქნება ქალაქის იერსახისათვის,”-განაცხადა გიორგობიანმა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს წევრი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. გიგა შუშანია აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” ქუთაისში არსებული ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობის კოკა-კოლას მფლობელის, ბიზნესმენ თემურ ჭყონიასათვის გადაცემას აპირებს. როგორც შუშანია განმარტავს, აღნიშნული შენობის გადაცემას ბიზნესმენი ერთი წელია ითხოვს, თუმცა, მან თანხმობა მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიისათვის კომპანიის დირექტორმა თანხა გადაურიცხა. “ძალა ერთობაშია”-ს წევრი კორუფციული პროცესების გაგრძელებად ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ასახელებს, რომელიც ხვალ ჩაინიშნა. სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის საკუთრებაში, მუზეუმთან მდებარე მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემას უნდა უყარონ კენჭი.
ქუთაისის წინა მერის პირობებში, მერიაში “ქორთიარდ მარიოტის” წარმომადგენელმა და ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, თემურ ჭყონია ააშენებს 100-ზე მეტ ნომრიან 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც მართვაში გადაეცემა ,,ქორთიარდ მარიოტს”.
,,ეს არის ერთ-ერთი დიდი ინვესტიცია, რომელიც ბოლო წლებში ქუთაისში განხორციელებულა. სასტუმროს მშენებლობაზე მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. მშენებლობის პროცესებში, რა თქმა უნდა, ჩაერთვება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ქუთაისი ეკონომიკურად მზად არის, რომ 5- ვარსკვლავიანი 100-ზე მეტ ნომრიანი სასტუმრო იყოს. მიხარია, რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს შეთანხმება მოხდა”, -აღნიშნავდა ქუთაისის მაშინდელი მერი შოთა მურღულიამ.
ყოფილი მუზეუმის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ხოლო მასთან არსებული მიწის ნაკვეთი ადგილობრივ თვითმმართველობას ეკუთვნის.