ქუთაისის მერიასა და ყოფილ თანამშრომელს შორის დავა სააპელაციო სასამართლოში დასრულდა.
მერიის სპორტის ააიპისა და ირაკლი კიკვაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
მერიის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი თანამშრომელი, ირაკლი კიკვაძე ყოფილ უფროსს სამსახურიდან უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებდა.”ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრი სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.
“პროცესი დასრულდა ისე, როგორც უნდა დასრულებულიყო. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი ბრძოლა ჩემთან უკვე მეორედ წააგო. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად ეს პროცესები წარმოებდა ჩემსა და ააიპის შორის, რეალურად ეს იყო დავა ჭიღვარიასა და ჩემ შორის, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა სამსახურიდან, თავისი პაიკის, ააიპ-ის მმართველის ხელით და რომლის ინიციატივითაც მოხდა სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. სასამართლოს ამ გადაწვეტილებას ჩემთვის ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა და ჩემი მიზანიც ამ შემთხვევაში იყო ის, რომ სასამართლოს დაედასტურებინა, რომ უკანონოდ, კანონის უხეში დარღვევით, ვიქენი გათავისუფლებული,”-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ.
დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა. სასამართლომ ირაკლი კიკვაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კიკვაძის სამსახურიდან გათავისუფლება შრომის კოდექსის დარღვევად ჩაითვალა და ააიპ-მა მას 4 თვის განაცდური უნდა აუნაზღაუროს. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში სააპელაციო სასამართლომ.
ირაკლი კიკვაძის ინტერესებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტი, ნატა გოგიაშვილი იცავდა.