საარჩევნო კამპანია სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისიდან დაიწყო.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ამომრჩეველს მესხიშვილის თეატრში შეხვდა. ამომრჩევლებთან შეხვედრამდე და მის პარალელურად თეატრის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
ამომრჩევლებს სალომე ზურაბიშვილი კახი კალაძემ წარუდგინა. როგორც კალაძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს მმართველი გუნდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
“მოსახლეობას მოვუწოდებ, ხმა მისცეს ზეპარტიულ, მიუკერძოებელ კანდიდატს. ის იქნება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. სალომე ზურაბიშვილს ზურგს უმაგრებს დიდი პოლიტიკური გამოცდილება და მას შეუძლია პირველ ზეპარტიულ, პირველ ქალ პრეზიდენტად იქცეს,”-განაცხადა კახი კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებს და 73 000-მდე ხელმომწერს მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ქუთაისთან სიახლოვესა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, გავრცელებული მოსაზრებები პრეზიდენტის უფლებების შესახებ მცდარია.
“პრეზიდენტს რომ ფუნქცია არ ჰქონდეს, დღეს მე აქ არ ვიქნებოდი. პრეზიდენტის ზოგი უფლება შეკვეცილია, მაგრამ მას რჩება სხვა უფლებები. მოვდივარ იმისთვის, რომ ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო ქვეყანას. ერთად უნდა გადავიდეთ 21-ე საუკუნეში, ჯერ კიდევ ვართ სადღაც შუაში გაჩხერილი,”-განაცხადა ზურაბიშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.