იმერეთის ახალმა გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ
და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ქუთაისსა და წყალტუბოში დევნილებისათვის მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში დაგეგმილია 1280 ოჯახზე გათვლილი 12 კორპუსის მშენებლობა. ამ ეტაპზე, დასრულებულია ერთი კორპუსის მშენებლობა. ბინები უკვე გადაეცა 160 დევნილ ოჯახს კერძო საკუთრებაში. ამჟამად მიმდინარეობს სამი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა.
,,მოგეხსენებათ, დევნილთათვის საცხოვრებლების მშენებლობის ფუნქცია ერთი თვის წინ გადმოეცა ჩვენს სამინისტროს, შესაბამისად, გუნდთან ერთად ვათვალიერებ სამშენებლო პროცესს. სამწუხაროდ, მშენებლობა ქუთაისში, ამ კონკრეტულ ობიექტზე გრაფიკის დარღვევით მიმდინარეობს, შენიშვნები მაქვს ხარისხთან მიმართებაშიც. ამ ეტაპზე, სამხარაულის ეროვნული ბიურო ამოწმებს კორპუსს, როგორც ხარისხობრივად, ისე შესრულებული სამუშაოების მოცულობის თვალსაზრისით, რათა სწორად წარვმართოთ სამინისტროსთვის გადმოცემის პროცესი. ჩვენ ვიმუშავებთ კონტრაქტორთან, რომ რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს ის ხარვეზები, რომლებიც აღმოვაჩინეთ. მთლიანობაში პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ქუთაისში, ეტაპობრივად იგეგმება 13 ათასი დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებლის მშენებლობა”-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.
დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 85 000 000 ლარს შეადგენს.
ამავე პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 70-ბინიანი რვა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი კორპუსის მშენებლობა და მშენებლობის დაბალი ტემპის გამო კონტრაქტორს დაეკისრა საჯარიმო სანქციები.
პროექტის მთლიანი ღირებულება 40 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 140 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.