“კარგი იქნება გუბერნატორებს მოსახლეობა ირჩევდეს” – “ევროპულ საქართველოში” გუბერნატორის ინსტიტუტის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ.
პარტიის წევრის , დავით გოგისვანიძის თქმით, გუბერნატორები ამჟამად რეგიონების თვითმმართველობებს პროექტების განხორცილებაში ვერ ეხმარებიან. თუ კი თანამდებობა არჩევით გახდება, მისი აზრით, პოსტზე არჩეულ გუბერნატორს მეტი პასუხსიმგებლობა ექნება მოსახლეობის წინაშე.
“ფაქტიურად შექმნილია უზარმაზარი ხელფასის და აპარატის ბიუროკრატიული მექანიზმია შექმნილი. გუბერნატორები თვითმმართველობებს ვერ ეხმარებიან პროექტების განხორცილებაში. მაგალითად, ბატონი გივი ჭიჭინაძე თავის დროზე არც თუ ისე ურიგო მომღერალი იყო, მაგრამ როგორც გუბერნატორი ვერაფრით ვერ დაეხმარა ჩვენს ქალაქს. ამ შემთხვევაში ერთადერთი რეალური გამოსავალი იქნება ის, რომ კანონმდებლებმა დაიწყონ მუშაობა იმაზე, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი გახდეს ერთ-ერთი არჩევითი ორგანო. ამ შემთხვევაში ის იქნება ვალდებული ხალხს პასუხი გასცეს. მეტი გამბედაობა და ბერკეტო ექნება “,- განაცხადა დავით გოგისვანიძემ.
ის იმერეთში ახალი გუბერნატორის დანიშვნასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სოზარ სუბარმა უფუნქციო თანამდებობაზე წარადგინა.
“სიმბოლურია, რომ ახალი გუბერნატორი სოზარ სუბარმა წარადგინა. მისთვის კიდევ დამატებითი რგოლი გამოიგონეს, რომ ყოფილი მინისტრი არ დარჩენილიყო უმუშევარი. იგივე უფუნქციო, რეალობიდან გამომდინარე, გუბერნატორი წარადგინა. არანაირი ბერკეტი არ გააჩნია თუ რაში შეიძლება გამოიყენოს თავისი გავლენები. ვფიქრობ, ჩვენი ბიუჯეტის თანხები არასწორად იხარჯება უზარმაზარი აპარატის შენახვაზე”,- განცხადა დავით გოგისვანიძემ.
7 რეგიონში ახალი გუბერნატორები პრემიერმინისტრმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა. მათ შორის ახალი გუბერნატორი ჰყავს იმერეთს. შავლეგო ტაბატაძე ამ თანამდებობაზე მუშაობას 21 აგვისტოს შეუდგა.