საია-მ წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემოწმება გადაწყვიტა. მონიტორინგის დროს საოლქო საარჩევნო კომისიებში არჩეული 73 დროებითი წევრის ინფორმაცია გადამოწმდა.
საიას ქუთაისის ფილიალში აცხადებენ, რომ დარღვევები წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და სამტრედიის საოლქო საარჩევნო უბნებში გამოვლინდა. უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ საარჩვენო ოლქებში დროებით წევრებად “ქართული ოცნების” აქტივისტები დანიშნეს.
“გავრცელდა ინფორმაციები, რომ იმერეთის რეგიონში კომისიები “ქართული ოცნების “აქტივისტებით, წარმომადგენლების ოჯახის წევრებით დაკომპლექტდა. აღნიშნული ფაქტები დადასტურდა სრულად წყალტუბოში, ლენტეხში, ბაღდათში. ასევე ჭიათურასა და სამტრედიაში. წინასაარჩევნო პერიოდში, შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს კონკრეტული დარღვევა. გამოვლენის შემთხვევაში ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ანგარიშში.”- განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ზაალ გორგიძემ.
ორგანიზაცია ქუთაისში ა(ა)იპ “საქველმოქმედო ფონდი ქუთაისი”-ს შესახებაც საუბრობს. ფონდი მერიის ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისგან ხელფასის ერთი პროცენტის ჩარიცხვით თვეში 20 ათას ლარს მიიღებს. საია ფონდის მუშაობას სწავლობს და აცხადებენ, რომ დამატებითი მასალების გამოთხოვის შემდეგ, ფონდის საქმიანობის სამართლებრივ შეფასებას გააკეთებენ.
იმისათვის, რომ მოიხსნას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კუთხით არსებული კითხვის ნიშნები, საია შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:
– უნდა გაუმჯობესდეს კონკურსის ჩატარების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა;
– უნდა დაიხვეწოს საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის პირობები;
– უნდა არსებობდეს გარკვეული მექანიზმი იმისთვის, რათა მოხდეს საუკეთესო კანდიდატების გამოვლენა;
– უნდა მოხდეს კონკურსის ჩატარების წესის პროცედურის დეტალურად გაწერა კონკურსის თითოეული ეტაპის მიხედვით;
– უნდა დადგინდეს კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება;
– შემოღებულ უნდა იქნეს მეტი კრიტერიუმი, ვიდრე ეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის არსებობა ან თუნდაც საარჩევნო გამოცდილების ქონაა;
– სავალდებულო ეტაპად უნდა განისაზღვროს გასაუბრების ეტაპი;
– უნდა დამტკიცდეს კონკურსში მონაწილეთა შეფასების ფორმა;
– უნდა გაიზარდოს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შესარჩევად დადგენილი ვადა;
– საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს კონკურსის თაობაზე ინფორმაციის ფართო მასებისთვის დროული ინფორმირება, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეძლოს კონკურსში მონაწილეობის მიღება.