ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი “ახალი საქართველოდან”,
ზვიად ბაღდავაძე პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. მიუხედავად იმისა, რომ პარტია ახალ პოლიტიკურ მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს შეუერთდა, ბაღდავაძე არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად, 27-ე ნომრით მიიღებს.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი განმარტავს, გუნდმა გადაწყვეტილება საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის შეყვანის შესაძლებლობის ქონის გამო მიიღო.
“დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, საარჩევნო ბლოკები გაუქმებულია. ჩვენ, როგორც კვალიფიციურ სუბიექტებს გვეკუთვნოდა თითო დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე, მაგრამ ამის უფლება წაგვერთვა. დავრეგისტრირდი პრეზიდენტობის კანდიდატად, რადგან გვყავდეს უბანზე ჩვენი დამკვირვებელი. ეს ჩვენი სტრატეგიული სვლაა,”-აცხადებს ბაღდავაძე.
პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ პარტია “ახალი საქართველო” მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს.
“მხარს ვუჭერთ გრიგოლ ვაშაძეს. ის ხმებს საკმარისი რაოდენობით მიიღებს, რადგან რეიტინგებში ლიდერობს,”-ამბობს ბაღდავაძე და აღნიშნავს, რომ კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.