ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით ქუთაისში არსებული ისტორიული პანოს
ავტორის მეუღლე გამოვიდა. სვეტა ნებიერიძემ დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ თუ დაგეგმილი მშენებლობა პანოს დაფარავს, უმჯობესი იქნება მას ადგილი შეუცვალონ.
“ასეთ ლამაზ კედელთან ეს პროექტი სამარცხვინოა,”-განაცხადა სვეტა ნებიერიძემ.
ქუთაისის ვიცე-მერის იუზა უგულავას განცხადებით, ახალი პროექტით პანო არ დაიფარება.
217 კვადრატულ მეტრზე შექმნილი გორელიეფი ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, აგრარული ბაზრის მახლობლად, ფალიაშვილის ქუჩის 15 ნომერში მდებარე შენობის ფასადზეა განთავსებული. კერამიკული პანო 10 წლის განმავლობაში იქმნებოდა. მხატვარ-მოქანდაკე ბერნარდ ნებიერიძემ გორელიეფზე მუშაობა 1982 წელს დაიწყო და მისმა მეგობრებმა ავტორის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ დაასრულეს.