ქუთაისში, მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების გამოძიების შედეგები გააპროტესტეს.
საპროტესტო გამოსვლა ქალაქის ცენტრში დაიწყო და შეკრებილებმა დღის ბოლოს პარლამენტთან გადაინაცვლეს. მოქალაქეებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ.
“თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას თქმით, მომხდარ ფაქტს მთავრობის გადადგომა უნდა მოჰყვეს.
“ამ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისაგან ვერ ისწავლა. თვითონაც იგივე შეცდომებს უშვებს, რამაც წინა ხელისუფლება შეიწირა. შოთაძის გადადგომა არაფერს ნიშნავს, რადგან შოთაზე არასდროს ყოფილა პროკურორი, ის იყო პაიკი. ამას უნდა მოჰყვეს სისტემური ცვლა და მთავრობის გადადგომა, პარლამენტის დაშლა და რიგგარეშე არჩევნები,”-განაცხადა წულაიამ.
ქუთაისის ყოფილი მერი გია თევდორაძე მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, დღეს რომელიმე ადამიანს სარალიძის მიმართ სოლიდარობის გრძნობა არ გააჩნდეს.
“სასამართლოს გადაწყვეტილება ყოვლად ამაზრზენი და ცინიკური იყო. 6 თვის შემდეგ კაცსს უთხრეს, რომ მისი შვილის მკვლელი არ არსებობდა. შოთაძე პატარა ჭანჭიკია, რომლის გადადგომითაც არაფერი იცვლება,”-ამბობს თევდორაძე.
“ყველა სხვა პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის მეორეხარისხოვანი,”-განაცხადა “გირჩის” ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ქვეყანაში არსებული განუკითხაობა დაასრულოს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ბესიკ ბრეგაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში უნდა დანერგოს იმის განცდა, რომ დანაშაული შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.
“საზოგადოებას აქვს განცდა რომ დაუცველია. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი დაიღუპოს და მკვლელი არ არსებობდეს,”-განაცხადა ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.