ქუთაისის მერიაში “ევროპული საქართველოს” ბრალდებებს უპასუხეს.

თვითმმართველობაში ამბობენ, რომ საკრებულოს დეპუტატის მერაბ მეშველიანის განცხადება რეალობას მოკლებულია. მერიაში განმარტავენ, რომ დასრულებული რეორგანიზაციის პროცესი ფუნქციების დუბლირების თავიდან აცილებასა და სახელფასო თანხების დაზოგვას ემსახურებოდა.

“ყოფილი “ნაციონალი” დეპუტატის განცხადება, გაბერილ შტატებსა და აქტივის დასაქმებაზე, სწორედ მისი მხრიდან არის ძალიან უხერხული, რადგან 2011-2012 წლებში, როდესაც მისი გუნდი იყო ხელისუფლების სათავეში, მხოლოდ მერიაში 900-მდე ადამიანი იყო შტატით დასაქმებული და 30-შტატგარეშედ. ახლა, ეს რიცხვი 298 -მდეა შემცირებული. ელემენტარული მათემატიკაა საჭირო მივხვდეთ, რომ ახლა ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია. ოპოზიციის განცხადება, აქტივის დასაქმებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან უხერხულია, რადგან ძალიან კარგად გვახსოვს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასაქმებული ათასობით აქტივისტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ხმების მოსაზიდად. ჩვენი მმართველობის პირობებში ჩატარებული რეორგანიზაციაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება და სახელფასო თანხების დაზოგვა მოგვეხდინა. ამიტომ გაუქმდა ერთი სამსახური და მოხდა თანხების გადანაწილება,”-განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა გიორგი იობაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ააიპებსა და შპს-ებში თანამშრომელთა რაოდენობასა და მათ წლიურ ანაზღაურება გააპროტესტა. ოპოზიციური პარტიის კვლევის თანახმად, ქუთაისის მერიის ააიპებისა და შპს-ების თანამშრომლების ანაზღაურება ბიუჯეტიდან წელიწადში 18 მილიონი ლარით ფინანსდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *