“ევროპული საქართველო” ქუთაისის მერიის
დაქვემდებარებაში არსებულ ააიპებსა და შპს-ებში თანამშრომელთა რაოდენობასა და მათ წლიურ ანაზღაურებას აპროტესტებს.
პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ააიპებსა და შპს-ებში 3600 ადამიანზე მეტია დასაქმებული, რომელთა ყოველწლიური ანაზღაურება ქუთაისის ბიუჯეტს 18 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. მათივე ინფორმაციით, მერიასა და მის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში საერო ჯამში 4 300 თანამშრომელი მუშაობს. ჯამში მათი ყოველწლიური ანაზღაურება კი 23 მილიონ ლარზე მეტია.
“ევროპული საქართველოდან” ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი მერაბ მეშველიანი მიიჩნევს, რომ შტატები ააიპებსა და შპს-ებში გაბერილია და იქ თანამშრომლები მხოლოდ პარტიული აქტივობიდან გამომდინარეა შერჩეული.
“მიგვაჩნია, რომ ხდება გარკვეული ფუნქცია-მოვალეობების დუბლირება. გაზრდილია შტატები და ხელფასები,”-აცხადებენ “ევროპულ საქართველოში”.
ოპოზიციური პარტია ქუთაისის მერიას შტატების გადახედვისაკენ და არსებული ფინანსური რესურსების სხვა საკითხების მოსაგვარებლად გამოყენებისაკენ მოუწოდებს.
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში 11 ააიპი და 4 შპს-ა.
თვითმმართველობაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.