მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 73 წელი გავიდა.
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე კაცი გაიწვიეს. ქართველებმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს – მოსახლეობასთან შეფარდებით დაღუპული ჯარისკაცების პროცენტული მაჩვენებელი უპრეცედენტოა – ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ქერჩთან – 120 ათასი ქართველი დაიღუპა. 700 ათასი ქართველიდან 224 ათასი სხვადასხვა ორდენითა და მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 164-ს გმირის წოდება მიენიჭა.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ის 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა და დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი შეიწირა, აქედან 20 მილიონი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. ომში 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%) მონაწილეობდა, ბრძოლები კი 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
9 მაისი საქართველოში დასვენების დღედ არის გამოცხადებული.