კომისიის გადაწყვეტილებით, ვანის საარჩევნო ოლქში
შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რაც კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 3%-ს აღემატება.
საიას დამკვირვებლების მიერ ვანის #21 და #23 საარჩევნო უბნებზე გადამოწმდა გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების შეყვანის საკითხი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა შემდეგი:
– #21 უბანზე განცხადებები ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაში შეყვანასთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიაში წარადგინეს კოორდინატორებმა, რის შემდეგაც აღნიშნულ განცხადებების საფუძველზე მოხდა ამომრჩევლების შეყვანა გადასატანი ყუთის სიაში;
– #23 საარჩევნო უბანზე კი დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილმა რამდენიმე ამომრჩეველმა უარი განაცხადა ხმის მიცემაზე იმ არგუმენტით, რომ არ სურდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. კომისიის წევრების განმარტებით, მათ გამოხატეს უკმაყოფილება მათი გადასატანი ყუთის სიაში შეყვანასთან დაკავშირებით.
“იკვეთება, რომ ვანის #21 და #23 საარჩევნო უბნების შემთხვევაში სავარაუდოდ, დარღვეულია ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესი. ამასთან, შესაძლოა, ზემოთ აღნიშნული ფაქტები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც. აგრეთვე, არ არის გამორიცხული რომ მსგავს ფაქტებს შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სხვა საარჩევნო უბნებზე.
აქვე განვმარტავთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება #13/2018 დაუსაბუთებელია. ასევე დაუსაბუთებელია კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რამდენად იყო საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმირებული კონკრეტულ ამომრჩეველთა მიერ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საჭიროების თაობაზე.”- წერია საიას განცხადებაში.
ორგანიზაცია აგრძელებს საქმის შესწავლას და საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.