საიასთან ერთად საარჩევნო უბნებზე გადასატან ყუთში
ამომრჩეველთა გაზრდილ ოდენობაზე “სამართლიანი არჩევნები” საუბრობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 34 საარჩევნო უბნიდან, სადაც “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლები იმყოფებოდნენ, 18 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა თითოეულ უბანზე აღემატება საარჩევნო კოდექსით დადგენილ 3%-იან ზღვარს, ხოლო დანარჩენ 16 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა 3%-ია ან თითქმის 3%-ს უტოლდება.
“ამ 34 უბნის მიხედვით, ჯამში გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილია 1044 ამომრჩეველი. “სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტულობა შესაძლოა ქმნიდეს საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს.
#54-53 (ვანის) ოლქის #5 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილია ამ უბნის ამომრჩეველთა 6%.
#54-53 (ვანის) ოლქის #14, #20, #24 და #31 საარჩევნო უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილია ამომრჩეველთა 5%.
#54-53 (ვანის) #3, #4, #11, #29 საარჩევნო უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილია ამომრჩეველთა 4%.
#54-53 (ვანის) #1, #8, #9, #16 და #54-55 (ხონის) ოლქის #12, #19 საარჩევნო უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი მცირედით აღემატება თითოეულ ამ უბანზე ამომრჩევლების 3%-ს.
საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, იმ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, სადაც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფი ამომრჩეველი აღემატება საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს, აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის დამატებით შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.”- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.