საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ვანში,
გადსატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის გზარდას საეჭვოდ მიიჩნევს. კერძოდ, ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიამ 2018 წლის 26 აპრილის #13/2018 განკარგულების თანახმად, ვანის #53 საარჩევნო ოლქში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიების გადასატანი ყუთის სიებში შეიყვანა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე ზევით ამომრჩევლები, რითაც გადასატანი ყუთით ხმის მიცემის შესაძლებლობა დამატებით კიდევ 299 ამომრჩეველს მისცა.
“საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ზე ზევით ამომრჩევლების გადასატან ყუთის სიაში შეყვანა მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია როგორც გამონაკლისი. ზემოაღნიშნულის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
ჩვენთვის უცნობია ის ფაქტი, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და რამდენად იყო საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმირებული კონკრეტულ ამომრჩეველთა მიერ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის საჭიროების შესახებ.
მიგვაჩნია, რომ ვანის #53 ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიაში 3%-ზე ზევით ამომრჩევლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება გამონაკლისს უკვე აღარ წარმოადგენს და ბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ.”- აცხადებენ საიაში.
საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის მე-4 მუხლის თანახმად, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთ ორი მესამედით.