“ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს”
-აღნიშნული განცხადება ვანსა და ხონში მიმდინარე შუალედური არჩევნების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ გააკეთა.
ცესკოს ინფორმაციით, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 60-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა.
“მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება 4 საინფორმაციო ბრიფინგი. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას”,-განაცახდა ანა მიქელაძემ.
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი – საინიციატივო ჯგუფის მიერ.