“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” თანამდებობის
პირების ქონებრივი დეკლარაციების შესახებ მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გამოვლინდა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის დარღვევის ნიშნები. იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან კვლევაში ერთ-ერთია სამტრედიის მუნიციპალიტეტი და მისი მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელსაც ორგანზაცია საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაზე მიუთითებს.
“ვალერიანე ფოცხვერიამ 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი 20%-იანი წილის მესაკუთრეა შპს “ელიტა 5+”-ში , ასევე მას წილის მართვის უფლება სხვა პირისთვის არ გადაუცია, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დარღვევაა.”- წერია კვლევაში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის კიდევ ორ თანამშრომელს მიუთითებს კანონდარღვევაზე. კვლევის მიხედვით, მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსს, ნოე ივანიაძეს, 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ მისი მეუღლე ნონა ფესვიანიძე არისშპს “ახალი აფთიაქის” 25%-იანი წილის მესაკუთრე.
მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ზურაბ გოგიას 2017 წლის შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს ასახული, რომ მისი მეუღლე – ნანა მიქელაძე არის სამტრედიაში,კრავეიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე.
ორგანიზაცია მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.