2018 წელს ქუთაისის მერია მის ბალანსზე
მყოფი ავტომანქანების შესაკეთებლად 340000 ლარის დახარჯვას გეგმავს. აღნიშნული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის მიზეზი გახდა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა მიმდინარე წელს 800 000 ლარამდე დაუჯდებათ.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის მერია 2018 წელს 440 000 ლარის საწვავის მოხმარებას გეგმავს, რაც საჭიროზე მეტია.
“მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაზრდილიყო 100 ლარით,”-განაცხადა შუშანიამ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერიას მოუწოდებს, რომ გამოცხადებული ტენდერი გააუქმოს. გარდა ამისა, ენმ-ში მიიჩნევენ, რომ მერიის ფუნქციონირებისათვის ჰიბრიდული სისტემის რამდენიმე მანქანა საკმარისი იქნება, რომელიც მინიმალური რაოდენობის საწვავს მოიხმარს.
“მერიამ გაყიდოს ავტოპარკი მათ შორის ძვირადღირებული ჯიპები, რაც ბიუჯეტს საშუალებას მისცემს დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები და საკუთარი კომფორტის ნაცვლად, ის მოხმარდეს ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებას,”-აცხადებენ ენმ-ში.
ტენდერი ქუთაისის მერიის ავტოპარკში შემავალი ავტომობილების შესაკეთებლად კომპანია “თეგეტა მოტორსს” აქვს მოგებული.
ამჟამად ქუთაისის მერიას 70 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ემსახურება, მათ შორის 6 ერთეული მაღალი გამავლობის ჯიპი.