ქუთაისის მერია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობს.
თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და მერიამ მის დაქვემდებარებაში არსებული ავტომობილების შეკეთებისათვის 340 000 ლარის ნაცვლად 30 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
,,ნაციონალური მოძრაობის” განცხადება, მიზანმიმართულად ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. რეალურად ქუთაისის მერიამ მის ბალანსზე არსებული ავტომობილების შეკეთებისთვის 30 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, რაც 30 000-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ქუთაისის მერია მაქსიმალურად ცდილობს თანხების დაზოგვას და ამ თანხების მოსახლეობის საჭიროებებზე გადანაწილებას.
რაც შეეხება 340 000 ლარს ეს არის პრეისკურანტი ანუ მერიის ბალანსზე არსებული ყველა ავტომობილის ნაწილის ღირებულება და არა ხელშეკრულების თანხა.
რაც შეეხება ახალი ავტომობილების შეძენას, ამის ფუფუნება ნამდვილად არ აქვს ქუთაისის ბიუჯეტს და ამ კუთხით დამატებით ხარჯს ვერ გავწევთ,”-განაცხადეს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში.
შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მერიის ავტოპარკის შენახვისათვის საჭირო ხარჯების რაოდენობა გააპროტესტეს. პარტიაში თვლიან, რომ ქუთაისის მერიამ ძვირადღირებული ჯიპები უნდა გაყიდოს.