ტყიბულისათვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ.
შეიქმნა პეტიცია და ხელმოწერების შეგროვება დაწყებულია. პეტიციის ინიციატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, ქეთევან გოცირიძეა. პეტიციის ტექსტში საუბარია იმაზე, რომ მუნიციპალიტეტს მოსახლეობისგან დაცლა ემუქრება. მიზეზი მძიმე სოციალური ფონია. მოსახლეობის 12 % სოციალური შემწეობის მიმღებია, მათ შორის უკიდურესად ღატაკი, 30 000 ქულის ქვემოთ არის 188 ოჯახი, პენსიის მიმღებია 5746 პირი ანუ მოსახლეობის 27%, თითქმის მესამედი. ტყიბულს ახალგაზრდები ტოვებენ. პეტიციის ინიციატორს მიაჩნია, რომ პრობლემის მოგვარებას მუნიციპალიტეტისათვის მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის დაბრუნება შეუწყობს ხელს.
გთავაზობთ პეტიციის ტექსტს:
“საქართველოს კანონმდებლობით, მაღალმთიან რეგიონად ითვლება დასახლებული ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე და მის ზევით, მაგრამ სხვადასხვა პარამეტრების (მთის ფერდობების და ზეგნების დახრილობა, გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი გარემო, ეთნოგრაფიული და ეკონომიკური თავისებურებები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული ტევადობა, გამწვავებული მიგრაციული პროცესები, დაცლილი ტერიტორიების ეკონომიკური თვალსაზრისით დაკარგვის საფრთხე) გათვალისწინებით, მისი ქვედა ზღვარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე განლაგებულ რაიონებში და აჭარა-გურიის მთიანეთში მცირდება 1000 მეტრამდე, გამონაკლის შემთხვევაში – 800 მეტრს ქვევითაც კი. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ ტყიბულის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდეს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი რომელიც 2016 წელს შეუწყდა და დარჩა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის შეღავათი. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მეტად მძიმეა. მოსახლეობის 10 პროცენტამდე სოციალურად დაუცველია, მცირე და მწირიმიწიანობის გამო სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი ვერ იძლევა ოჯახების რჩენის საშუალებას. რეგიონში არის დიდი დემოგრაფიული პრობლემები, დიდია მიგრაციის მაჩვენებელი, ძირითადად გაედინება ახალგაზრდობა, რადგან არანაირი პირობებია არაა მათი რეგიონში დაკავების. შემცირებულია შობადობა და თუკი ასე გაგრძელდა, ტყიბულის მუნიციპალიტეტს დაცლა ემუქრება. ჩვენი მდგომარეობა, ისევე, როგორც მდებარობა და ზღვის დონე, უთანაბრდება რაჭა-ლეჩხუმის დემოგრაფიულ და სოციალურ მდგომარეობას. ვითხოვთ, დაუშვათ გამონაკლისი და შეიტანოთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტის შემდეგი დასახლებული პუნქტები: ახალსოფელი, ბუეთი, გურნა, დაბაძველი, კისორეთი, ოჯოლა, საწირე, თავად ქალაქი ტყიბული, სოჩხეთი, ცუცხვათი, ძიროვანი, ძმუისი, წყნორი და ჯვარისა მაღალმთიანი რეგიონების სტატუსის ნუსხაში. რადგან კანონით გათვალისწინებული პირობები და შეღავათები მისცემს მოსახლეობას დაუბრუნდნენ საკუთარ რეგიონს და მცირე ბიზნესებით გააძლიერონ რეგიონის ეკონომიკა.” – წერია პეტიციაში.