იმერეთის რეგიონში მომუშავე სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტსა და ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებს მიმართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირონ და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დროულად განიხილონ.
“საქართველოს პარლამენტსა და დეპუტატებს მივმართეთ საჯარო განცხადებით, რომ მხარი დაუჭირონ გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს, რომელიც ერთი წელია ინიცირებულია. ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ის აუცილებლობა, რაც გენდერული კვოტირების კანონპროექტის მიღებასთან არის დაკავშირებული,”-განაცხადა ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა თემურ ჯვარშეიშვილმა.
კამპანიას იმერეთის მასშტაბით 24 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეუერთდნენ.
“შემოვუერთდით კამპანიას, რადგან მხარს ვუჭერთ გენდერულ კვოტირებას. ამ დრომდე გატარებულმა ღონისძიებებმა გენდერული ბალანსის დაცვის მიზნით პოლიტიკაში ვერ გამოიღო სასურველი შედეგი. არის გარკვეული წინსვლა, თუმცა ეს არ არის საკმარისი,”-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიის სახლის” ხელმძღვანელმა ირინა ქართველიშვილმა.
2017 წლის 12 ივნისს, 37,455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.
შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს.
საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იქნება მინიმუმ 26%.