გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია

თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრობს. ბაგრატიას განცხადებით, მიზეზი გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილის ნონო თანდილაშვილის დირექტივაა, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გთავაზობთ თამარ ბაგრატიას განცხადებას: 

“გუშინ, 14 მარტს, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობა. მიზეზი კი რეორგანიზაციის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის მხრიდან სააგენტოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე (გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე) კონკრეტული პირის დანიშვის უპირობო და გადაუდებლად დანიშვნის მოთხოვნა იყო. მე ვერ გავიზიარე ასეთი დირექტივა, მითუმეტეს ასევე ვთვლი რომ მსგავს თანამდებობებზე პირები კონკურსის წესით უნდა იქნენ შერჩეულნი და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად იძულებული გავხდი დამეწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ასევე, ასეთივე უპირობო დირექტივას თავი აარიდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ და ასევე დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.

როგორც მედიიდან ჩემთვის გახდა ცნობილი, მინისტრის მოადგილე მსგავსი ფაქტის არსებობას უარყოფს, თუმცა არსებობს სატელეფონო მიმოწერა ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული მოთხოვნა კონკრეტული პიროვნების შესახებ და ჩემი უარყოფითი მოსაზრება საკითხთან დაკავშირებით.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ ქვეყანაში გარემოს დაცვის კუთხით არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების გამკლავებისათვის (იქნება ეს ინსტიტუციური მოწყობის პროცესი თუ სხვა ტიპის სტრატეგიული სისტემური ხედვა) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და აუცილებელია დარგის სპეციალისტებისა და მაღალპროფესიული კადრების ჩართულობა და გარემოსდაცვითი ინსტიტუციების გაძლიერება.”- წერს თამარ ბაგრატია სოციალურ ქსელში თავის პირად გვერდზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *