“ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ”
ქალთა საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევის ანალიზი ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს წარუდგინა.
სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის ნინო ხუხუას განცხადებით, ორგანიზაციის მიზანს საბჭოს სამოქმედო გეგმაში ქალთა მიერ დასახელებული საჭიროებების ასახვა წარმოადგენს.
“პრობლემები სხვადასხვაგვარია, მათ შორისაა სკოლამდელი განათლება, მარტოხელა დედის სტატუსს და ა.შ. ვფიქრობ, რომ საჭიროებათა ნაწილი უკვე ასახულია ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში,”-განაცხადა ხუხუამ.
გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია განმარტავს, რომ მსგავსი კვლევები საბჭოს საქმიანობაში გათვალისწინებული იქნება და რეკომენდაციების სახით გადაეგზავნება აღმასრულებელ ხელისუფლებას.
“მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობო სექტორი ამ მიმართულებით აქტივობებს ახორციელებს. აღნიშნული კვლევის შედეგებს განვიხილავთ, მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას და რეკომენდაციები გადაეგზავნება აღმასრულებელ ორგანოს, რაც 2019 წელს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტთან მიგვიყვანს,”-განაცხადა შენგელიამ.
ქალთა საჭიროებების შესახებ კვლევა ქუთაისში 2017 წლის 6 სექტემბერს პროექტის-“მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში” ფარგლებში ჩატარდა.
პროექტი “მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში” ხორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (#EWMI) #ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.