ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა
ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეთა დაჯარიმების ფაქტი გააპროტესტა. საუბარია დაახლოებით ათ მოვაჭრეზე, რომლებიც პროდუქტს ავტომობილებიდან ყიდდნენ. მეშველიანის თქმით, შესაბამისმა სამსახურმა მათ 120 ლარიანი ჯარიმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე პირველივე ჯერზე დააკისრა.
“ადამიანები არ გააფრთხილეს და ასეთ შემთხვევაში უნდა დაჯარიმებულიყვნენ 80 ლარით ან უნდა მომხდარიყო მათი გაფრთხილება და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაკისრებოდათ 120 ლარის გადახდა. მოქალაქეებს უნდა აუხსნან, რატომ მოხდა დაჯარიმება,”-განაცხადა ფრაქცია “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა.
ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თვალთავძის განმარტებით, გაფრთხილება ყველა გარემოვაჭრემ მიიღო. მისივე თქმით, მოგვიანებით საკითხზე დეტალურ განმარტებას შესაბამისი სამსახურის უფროსი გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება პირველი მარტიდან დაიწყო.