ქუთაისში ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი საკრებულოს რიგგარეშე მესამე სხდომაზე დაუჭირა.
საბჭოში გაერთიანება 18 წლიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომელსაც ქუთაისის საკრებულოს კულტურის, განათლების ახალგაზრდული საქმისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს.
“საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალგაზრდების ურთიერთობის გამყარებას მოემსახურება. მათ შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენას, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ სურვილი და მოტივაცია თვითმმართველობასთან თანამშრომლობისა. მიზეზი არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს აღნიშნულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვა ხდებოდა ძალდატანებით, ყველაფერი კეთდებოდა ბინძური მეთოდებით,”-განაცხადა ლორთქიფანიძემ.
საბჭოს წევრების კონკრეტული რაოდენობა განსაზღვრული არ არის. ლორთქიფანიძის განმარტებით, ახალგაზრდების საქმიანობა არაანაზღაურებადი იქნება.
ახალ ინიციატივას ნეგატიური შეფასებები მოჰყვა საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლების მხრიდან. ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში შესაბამისი კომისია უკვე არსებობს და ახალი ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ არსებულის დუბლირებაა.
ინიციატივის განხილვა სტუდენტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან იგეგმება.