“საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს,
არ მინდა იყოს ქილიკი,”- განცხადება ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა საკრებულოს რიგგარეშე მესამე სხდომაზე გააკეთა.
მეშველიანის თქმით, თეთრი ხიდის რეაბილიტაციის ახალ პროექტს საზოგადოების მხრიდან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ ახალი პროექტი საჯაროდ არ განხილულა.
“საკითხის უფრო ფართო განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა მიმდინარე პროცესს ახლა ვეღარაფერი შეაჩერებს. ჩემი თხოვნაა, როდესაც გადახვალთ ბალახვანის 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის ეტაპზე, ჩართოთ სპეციალისტები, საზოგადოებაც და ოპოზიციური პარტიებიც,”-განაცხადა მეშველიანმა.
საკითხზე კომენტარი გააკეთა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ. თვალთვაძის განცხადებით, თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ მერიამ ოფიციალური განცხადებები რამდენჯერმე გაავრცელა.
“ასსაფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციის პროცესში მოქალაქეები ჩართულნი იქნებიან. ასევე, გვინდოდა მრჩეველთა საბჭოს აქტიურობაც, თუმცა ამ ეტაპზე საბჭოს დაკომპლექტება ვერ მოხერხდა,”-განაცხადა თვალთვაძემ.
ქუთაისის ვიცე-მერი განმარტავს, რომ თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი მერიამ საჩუქრად მიიღო.