“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”
ქუთაისის “მადლიერების სახლში” არსებული მდგომარეობა გააპროტესტა. ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფი 121 ბენეფიციარის ფონზე, “მადლიერების სახლის” კულტურის განყოფილების ხელმძღვანელს 1100 ლარის ოდენობის ხელფასი დაუნიშნეს.
“მადლიერების სახლში” კულტურის განყოფილების აუცილებლობასა და საქმიანობაზე კომენტარი ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ გააკეთა.
“მადლიერების სახლში” კულტურის განყოფილება შეიქმნა. იანვრიდან დღემდე სამი ღონისძიების განხორციელება მოხდა. ჩვენი მიზანია, ადამიანებს მივაწოდოთ არა მხოლოდ უფასო კვება, არამედ შევუქმნათ ჯანსაღი გარემო, სადაც საკუთარი თავის რეალიზების საშუალება ექნებათ. ვგეგმავთ ძალიან ბევრ ღონისძიებას, მათ შორის მოხუცებისთვის. ამ ადამიანებს თვითონაც აქვთ ინტერესი ზოგი ლექსს წერს, ზოგი მღერის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, აგვეყვანა ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებდა ამ მიმართულებით. არ იცვლება დასაქმებულთა რაოდენობა, მხოლოდ შიდა სტრუქტურა შეიცვალა,”-განაცხადა თვალთვაძემ.
შეგახსენებთ, რომ “მადლიერების სახლში” ბენეფიციართა ქულობრივი მდგომარეობა გადამოწმდა და 121 ადამიანის სიიდან ამოღება იგეგმებოდა. როგორც საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, 121-ვე ბენეფიციარის მდგომარეობა კვლავ გადამოწმდება და გადაწყვეტილება მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ იქნება მიღებული.