ქუთაისის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა
და ქვეზონებში მოქცეული მიწის საფასურის ზრდას მხარი დაუჭირა. დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ტერიტორიაზე მიწის საფასური 5%-7%-ით გაიზრდება.
“ქუთაისის მერიამ მიწის ფასის დადგენის თაობაზე ტენდერი გამოაცხადა. გაიმარჯვა ერთ-ერთმა ინდ. მეწარმემ, რომელსაც ამის კვალიფიკაცია ჰქონდა. საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ექსპერტმა საჭიროდ ჩათვალა, რომ მიწის ფასი 5%-7% -ით გაზრდილიყო,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა. ფრაქციების “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მიწაზე ფასის ზრდით ბიზნესმენები და მოქალაქეები დაზარალდებიან.
“მიღებული გადაწყვეტილება არ არის სწორი. ვთვლით, რომ ბიზნესგარემოს ხელშეწყობა სჭირდება. გარდა ამისა, წარმოდგენილ დოკუმენტში ბევრი უზუსტობაა. ნათქვამია, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ ნამდვილად არ არის ისეთი ზრდა, რაც მოქალაქეებზე აისახებოდა,”-განაცხადა “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა.
გიორგობიანის განმარტებით, მიწაზე მოთხოვნა ძალიან დიდია და ფასის აწევით ბიზნეს სექტორს პრობლემა არ შეექმნება.