ხარაგაულის მერიის ა(ა)იპებში რეორგანიზაციის პროცესის დაწყება იგეგმება.
მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად არსებული 16 ა(ა)იპის ნაცვლად, ხარაგაულში 7 მუნიციპალური ა(ა)იპი დარჩება. თოფურიძე განმარტავს, რომ გაერთიანებულ ა(ა)იპებს ერთი დირექტორი ეყოლება, ხოლო სფეროებს დირექტორის მოადგილეები უხელმძღვანელებენ.
“ცვლილებების მიზანი ყველა რგოლის ეფექტიანი მუშაობაა, ოპტიმიზაცია/რეორგანიზაციის პროცესი არ გულისხმობს თანამშრომლების მასობრივ დათხოვნას, თუმცა კადრების გადახალისება პერიოდულად აუცილებელია” – განაცხადა თოფურიძემ.
მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს შემდეგი მუნიციპალური ა(ა)იპების ოპტიმიზაცია:
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, სამუსიკო სკოლა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი;
“ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი”, საფეხბურთო კლუბი “ჩხერიმელა – 2009” და “ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი”.
ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, ცენტრალური ბიბლიოთეკა, კულტურის ცენტრი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი და ხალხური შემოქმედების სახლი;
“ხარაგაულკეთილმოწყობა” და “ხარაგაულდასუფთავება”;
ხარაგაულის მუნიციპალური ა(ა)იპების რეორგანიზაციის შესახებ დეპუტატები 5 მარტს საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.