ქუთაისის საკრებულოს

 

ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა მერიის ახალი ა(ა)იპის “ქუთგანათების” შექმნა გააპროტესტეს.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გია უკლება განმარტავს, რომ ქუთაისის მერია ბიუროკრატიაში ბოლომდე გარკვეული არ არის. მისივე თქმით, მერია ერთ ა(ა)იპს აუქმებს და მეორეს ქმნის.

“ატარებენ რეორგანიზაციას, აუქმებენ ა(ა)იპს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნიან ახალ ა(ა)იპს.  ამბობენ, რომ ა(ა)იპი თან ცუდია და თან კარგი. “ქართული ოცნება” თვითონ არ არის ჩამოყალიბებული რეორგანიზაციის საკითხში. ახალი ა(ა)იპი ყოვლად გაურკვეველია,”-განაცხადა უკლებამ.

გია უკლებას განმარტებით, “ქუთგანათებისათვის” გამოყოფილი თანხები გადაჭარბებულია.

“ქალაქში მთლიანად შეიცვალა ინფრასტრუქტურა. გარე განათებას ძირითადად მხოლოდ ნათურის შეცვლა სჭირდება. პრობლემა არის ის, რომ გარე განათებისათვის ახლაც იგივე თანხებია საჭირო, რამდენიც წინა წლებში, როდესაც საერთოდ არ არსებობდა სათანადო ინფრასტრუქტურა,”-განაცხადა უკლებამ.

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა მერაბ მეშველიანმა ყურადღება “ქუთგანათებაში” მომავალი თანამშრომლებისა და გასაცემი ხელფასების რაოდენობაზე გაამახვილა.

“ახალი პროექტი ფინანსურად დამატებით შესავალს საჭიროებს. 394 000 ლარია ხელფასებისათვის გამოყოფილი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. გარდა ამისა, საუბარია მანქანების შეძენაზე, მერია კი არ არის ჩამოყალიბებული რამდენი და რა ტიპის მანქანა სჭირდება,”-განაცხადა მეშველიანმა.

უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი ა(ა)იპის შექმნით თანხები დაიზოგა. მათივე განმარტებით, დაზოგილი თანხის რაოდენობამ 973 ათასი ლარი შეადგინა.

ახალი ა(ა)იპის ბიუჯეტი 3 მილიონ 463 ათასი ლარია. “ქუთგანათებაში” 42 თანამშრომელი დასაქმდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *