ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით,
ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას დავალებით ქალაქში მიმდინარე მშენებლობების შემოწმება ხორციელდება. მათივე განმარტებით, აღნიშნულის მიზანს ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პროექტთან შესაბამისობის დადგენა წარმოადგენს.
ქუთაისის მერი ყველა სამშენებლო კომპანიას მოუწოდებს, დაიცვან პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოებისა და რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებსა და მსგავს შემთხვევებთან ვიქნებით შეურიგებელნი. ამიტომ ყველა სამშენებლო კომპანიას მოვუწოდებ, მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან სამშენებლო ნორმები. არ დაარღვიონ წესები და პატივი სცენ შეთანხმების ყველა დეტალს. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის პერიოდი, როცა მენაშენეები თუ სამშენებლო კომპანიები საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და პატივს არ სცემენ წესებით შედგენილი პროექტის ნორმებს. ჩვენ არ დავუშვებთ ქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახის დამახინჯებას, არც ერთი კომპანიის ინტერესებისთვის,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისში თამარ მეფის 10-ნომერში ქალაქის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილში მიმდინარე მრავალბინიანი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა, რომელსაც შპს ,,სახლი #1″ აწარმოებს მერის დავალებით უკვე შეამოწმეს. როგორც მერიაში აცახდებენ, ობიექტის შემოწმებით დადგინდა, რომ მშენებლობა შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტაციის და პროექტის მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, რომელთაგან უმნიშვნელოვანეს დარღვევას წარმოადგენს ის, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი შეთანხმებულია როგორც 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლი სარდაფით და კომერციული ფართით. რეალურად კი აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარე წარმოადგენს 7 სართულიან შენობა ნაგებობას.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას ჩაბარდა მითითება, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.