მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა
გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა.ცვლილებების შედეგად ასევე რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება.
ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდება. აღნიშნული სამსახური პრემიერს დაექვემდებარება.
ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.
ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე.
გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
საგარეო დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება.პრემიერის თქმით, სუს-ისთვის საგარეო დაზვერვის შეერთებასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს წარედგინება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს სამთავრობო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.