59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებს მანდატები გადასცა.
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, საკრებულოს შემადგენლობაში 4 ქალბატონი იქნება.
“საკრებულოს შემადგენლობაში პირველად გვყავს 4 ქალბატონი, შესაბამისად, გენდერული ბალანსისათვის ბრძოლა გრძელდება. ვთვლით, რომ არჩეული დეპუტატები უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად გამოიყენებენ,”-განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
ქუთაისის საკრებულოს ახლადარჩეული დეპუტატის ნიკა ლატარიას თქმით, ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა გამართლდება და დეპუტატები 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ.
საკრებულოს მომავალ მუშაობასა და დეპუტატთა გეგმებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველმა ნომერმა ბესიკ ბრეგაძემაც ისაუბრა. ბრეგაძე განმარტავს, რომ ის აუცილებლად ჩაერევა ქალაქისათვის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.
მანდატების გადაცემას 22 დეპუტატი დაესწრო.