ჭიათურის მუნიციპალიტეტში, საშევარდნოს კლდეზე 12 მეტრი სიმაღლისა და 6 მეტრი სიგანის ჭიათურის გერბი დამონტაჟდა.
როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, თეიმურაზ შეყლაშვილი განმარტავს, გერბი საკრებულოს ინიციატივით დაიდგა, რომლის ღირებულებამაც 17 000 ლარი შეადგინა.
“ყველას მოსაწონს ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. გერბი ღამით განათებულია და ულამაზესია, ძალიან უხდება ღამის ჭიათურას. ამასთანავე, მის დასადგმელად მინიმალური თანხები დაიხარჯა,”-განაცხადა შეყლაშვილმა.
გერბის დადგმისათვის გაღებული თანხების მიზნობრიობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ჭიათურის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩიკვილაძემ ისაუბრა.
“საშევარდნოს კლდეზე, რომელზეც ჭიათურის გერბი დამონტაჟდა, ქვათაცვენაა. წლების განმავლობაში ადგილზე გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთანავე, გერბი პატარაა და ქალაქიდან არ ჩანს,”-განაცხადა ჩიკვილაძემ.
აღნიშნული გერბი ლითონის კონსტრუქციისგანაა დამზადებული.