ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. რადიო “ძველი ქალაქი” გთავაზობთ ინფორმაციას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბიზნესწილების შესახებ.


“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე 1988-1998 წლებში მუშაობდა თბილისის შამპანურის ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად; 1998-1999 წლებში იყო ხაშურის ძეხვეულისა და ნაყინის ქარხნის დირექტორი; 1999-2003 წლებში ეკავა საქართველოს საპატრიარქოს “ხაშმის” ღვინის ქარხნის დირექტორის თანამდებობა; 2003-2011 წლებში იყო საპატრიარქოს აგროსამრეწველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2009-2010 წლებში იყო საპატრიარქოს წარმომადგენელი, სამთავრობო კომისიის წევრი; 2011 წლიდან კი კვლავ საქართველოს საპატრიარქოს “ხაშმის” ღვინის ქარხნის დირექტორია.

კახაბერ მახათაძე შპს “კაფ – ჯგუფისა”, ” შპს “ჯეოლოტო” და “შპს გრუზსპირტპრომი” 100% წილის მფლობელია, ასევე 65% წილის მესაკუთრეა შპს “იმერეთი 2011- ში” და შპს “GVMთ Gროუპ-ში” 50% წილს ფლობს, ხოლო შპს “იმერეთი 777” -ში 34% წილის მესაკუთრეა. მან მიმდინარე წლის სექტემბერში სხვა პირებს გადააბარა როგორც ხელმძღვანელი პოზიციები, ასევე წილების მართვა.

შპს “იმერეთი 2011”-მა 2015 წელს გამარტივებული შესყიდვით 3 ხელშეკრულება დადო, რომელთა საერთო ღირებულებამ 1355 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მერობის კანდიდატის შემოწირულობებს, კახაბერ მახათაძემ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  2016 წელს  50 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს-40 000 ლარი  შესწირა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზესტაფონის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი დავით ფერაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. იგი 2016 წელს იყო  ფრაქცია “დემოკრატიული  მოძრაობის თავმჯდომარე.” დღეის მდგომარეობით იგი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რიგებში ირიცხება.

დავით ფერაძის მიერ 2016 წელს შედგენილი დეკლარაციის მიხედვით დგინდება, რომ იგი სოფელ ზედა საქარაში ფლობს როგორც მიწის ნაკვეთს, ასევე საცხოვრებელ ფართს, ხოლო მის მეუღლე თამარ ხელაშვილს აქვს ორი ბინა თბილისში.

რაც შეეხება “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის” ზესტაფონის მერობის კანდიდატსა და პარტიული სიის პირველ ნომერს გელა სხილაძეს, ის ზესტაფონში, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში სახელმწიფოს წარმომადგენლად მუშაობდა. ამჟამად ზესტაფონის საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეული წევრია. მან მანდატი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოიპოვა, მოგვიანებით  კი – “მოძრაობა თავისუფლებითვის – ევროპული საქართველოს” რიგებს შეუერთდა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით გელა სხილაძე  საცხოვრებელ ბინის მესაკუთრეა ქალაქ ზესტაფონში. მერობის კანდიდატმა  “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2014 წელს 1200 ლარი შესწირა.

“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”-ს ზესტაფონის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი გივი თუთბერიძე არის ზესტაფონის საკრებულოს წევრი და საკრებულოს ფრაქცია “ზესტაფონის” თავმჯდომარე.

გივი თუთბერიძის მიერ 2017 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მის საკუთრებაში ირიცხება როგორც საცხოვრებელი სახლი, ასევე მიწის ნაკვეთი ზესტაფონში. მან 2015 წელს პარტია “თავისუფალ საქართველოს” 50 ლარი შესწირა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *