პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს
კიდევ ერთხელ გააპროტესტა ქუთაისის ცენტრში “მაკდონალდსის” მშენებლობა.
წულაიამ განაცხადა, რომ მან ქუთაისის მერიას წერილი მისწერა, რომ აღნიშნული მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, რაზეც მერიაში განუცხადეს, რომ მშენებლობა არ მიმდინარეობს და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება.
“მივწერე, რომ თქვენ თვითონ აცხადებთ, რომ არ არსებობს პროექტი და ნებართვა. აქ კი სამუშაოებს მაინც აგრძელებენ. მე ქუთაისის მერიას მოვუწოდე, რადგან სამუშაოები კვლავ მიმდინარეობ, მიდით და დააჯარიმეთ, სანამ პროექტი არ არის. მერიიდან მომწერეს, რომ ეს არის მოსამზადებელი სამუშაოები, ამას თუ მოსამზადებელი სამუშაო ჰქვია, მაშინ მშენებლობა რა არის? “-განაცხადა გოგი წულაიამ.
პროტესტს უერთდება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე, რომელიც აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ ადგილზე ეს მშენებლობა არ განხორციელდეს.