გიგი უგულავამ # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
ე. წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას ოჯახის წევრები, მეგობრები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დახვდნენ.
პატიმრობიდან გათავისუფლებულმა გიგი უგულავამ მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდა.
“მინდა ყველას მივესალმო. პირველ რიგში სოლიდარობას ვუცხადებ უკლებლივ ყველა ჩვენს პოლიტიკურ პატიმარს, ვინც რჩება ამ ციხეში, რომლებიც სხვა საპატიმროებში არიან. ჩვენ არ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან ჩვენი პარტიის და სხვისი პარტიის, ჩვენი ფლანგის და სხვისი ფლანგის პოლიტპატიმარი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს პოლიტპატიმრები და ერთობლივი ამოცანაა ეს პროცესი დასრულდეს. თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, ძალიან კარგი, მაგრამ ამ მიმართულებით სამუშაო არის ძალიან ბევრი. მინდა ყველამ გააცნობიეროს, სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოილიტპატიმრები, პოლიტიკა იქნება უკიდურესად რადიკალური. იქნება მწვავე დაპირისპირება და პასუხისმგებელი იქნება უმრავლესობა და მთავრობა. თუ ჩვენ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, მათ შორის ეკონომიკური და სხვა პრობლემები, რაც მოსახლეობას აწევს, ამისთვის აუცილებელი პირველი ნანიჯია პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს ყველაზე ადვილად შეუძლია მთავრობას და ხელისუფლებას თუ ის გადადგამს ვაჟკაცურ ნაბიჯს და გამოაცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას. ამით ის შეძლებს მთლიანად გადაშალოს ფურცელი და გავაგრძელოთ ამ ქვეყნისთვის ზრუნვა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.