ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ნაციონალური მოძრაობის საპასუხოდ დღეს ბრიფინგი გამართა.
შოთა მურღულიას განცხადებით წმინდა ნინოსა ან რუსთაველის ქუჩაზე აქციის ჩატარების უფლებას იმ შემთხვევაში მისცემს, თუ ისინი ამ აქციით მოსახლეობის გაღიზიანებას არ გამოიწვევენ.
“ჩვენ მათ შევთავაზეთ ისეთი ადგილი, რომელიც შეთავაზებული იყო ყველა პარტიისთვის, მათ შორის მმართველი პარტიისთვის. ისე ჩატარდა მრავალათასიანი შეკრება, ქალაქის ქუჩები არ ყოფილა დაკეტილი. მათი მოთხოვნა არის ცენტრალური უბნის ვიწრო ქუჩების გადაკეტვა და მოსახლეობისათვის დისკომფორტის შექმნა, რაც ჩვენთვის არ არის მისაღები. ერთადერთი ვინც ამას კატეგორიულად მოითხოვს, “ნაციონალური მოძრაობაა”. მე მქონდა საუბარი ამ პარტიის წარმომადგენელთან გიორგი თევდორაძესთან, რომლისთვისაც მიუღებელი იყო ყველა ალტერნატიული ადგილის შეთავაზება, რომელიც სხვა პოლიტიკური პარტიებისათვის არის ასევე შეთავაზებული. მას ეს არ უნდოდა, რადგან იმ ადგილზე ისინი ბევრი ვერ გამოჩდებოდნენ, ეს სიტყვები გიორგი თევდორაძემ მითხრა სიტყვა სიტყვით. ეს ახლა ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის თუ “ნაციონალური მოძრაობა” ბევრი ვერ გამოჩნდება ჩვენს მიერ შეთავაზებულ ტერიტორიაზე. ამის შემდეგ იყვნენ მოსული და გვითხრეს, წმინდა ნინოს ქუჩას გადაკვეთავდნენ თუ რუსთაველის ქუჩას ჩვენ აგვერჩია. ჩვენ არ ვირჩევთ არაფერს, ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობით. მათ აქვთ მოთხოვნა ამ ქუჩებზე შეკრების შესახებ. ჩვენ არ ვემსგავსებით მათ, რასაც 4 წლის წინ აკეთებდნენ და ვთავაზობთ შემდეგს. ცხადია მათ აქვთ იქ შეკრების უფლება, თუ აიღებენ ოფიციალურ პასუხისმგებლობას, რომ ან ერთი ან მეორე ქუჩის გადაკეტვით არ შეაფერხებენ ტრანსპორტს და არ გააღიზიანებენ მოსახლეობას. მათი გადასაწყვეტია ჩაატარონ უნდათ ერთ ქუჩაზე, უნდათ მეორე ქუჩაზე. ერთი პირობით, რომ ადმინისტრაციულ შენობას ოცი მეტრის რადიუსში არ მიეკარებიან გამომდინარე იქედან, რომ აქ ტურისტული ცენტრი მოქმედებს და კანონმდებლობით ჩვენ ამის უფლება არა გვაქვს. და იმედია არ დაარღვევენ ამ კანონს. კანონის სრული დაცვით რაც იქ არის ჩაწერილი და იმედია ექსესებს ადგილი არ ექნება,”-განაცხადა შოთა მურღულიამ.
ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის უკმაყოფილებასა და აქციის შედეგებზე, ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
“რამდენიმე დღეა მოლაპარაკების გზით ვცდილობთ ქუთაისის ისტორიულ უბანში ისეთი ადგილი შეგვერჩია, რომელიც ნაკლებ დისკომფორტს შეუქმნიდა მოსახლეობას, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეთანხმება ვერ შედგა. ჩვენ ამ აქციას ჩავატარებთ იქ სადაც იყო გადაწყვეტილი, ანუ რუსთაველის გამზირზე. ამ შემთხვევაში ჩამტარებელ მხარეს თვითმმართველობის გაფრთხილება ევალება, ხოლო მოსახლეობის გაღიზიანებაზე და აქციის შედეგებზე, ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და პოლიციას ეკისრება,”-განაცხადა გია თევდორაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გია თევდორაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მათ ქუთაისის მერიას აქციის ჩასატარებლად ადგილის გამოყოფა სთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.