საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ფიზიკური ძალადობის მცდელობაში დაადანაშაულა კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური.
მისი თქმით, ფაქტს ათეულობით ადამიანი ესწრებოდა.
,,მე, როგორც ქალი, ამ ასაკში პირველად აღმოვჩნდი ასეთი რაღაცის წინაშე. იმიტომ რომ მართლა, შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან ქართულ ოჯახში გავიზარდე და ისეთი კაცები იყვნენ ჩემს გარემოცვაში – მამა, ბაბუები, ძმა – რომ ყველა იყო თანასწორი, შესაბამისად, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი.
ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ მეც კი, მინისტრი ვარ, ვიცე-პრემიერი მქვია, რაღაცას ვმართავ-მგონია და „მსხვერპლის ბრალი იყო”-თურმე, მან ეს შეეცადა. ეს არის თავისთავად ნიშანდობლივი, რომ ვინც არ უნდა იყო, მაინც „შენი ბრალი იქნება”, შეეცდებიან… ამას ჩვენ არ უნდა შევეგუოთ. მე არ ვეგუები. ჩვენ ვნახავთ ცოტა ხანში, სად იქნება ის და სად ვიქნები მე. მე მუშტი არ მაქვს მოკრივეს ვაჯობო, მაგრამ ქართული კრივი, რომ არ დაიღუპება, ამას ვნახავთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, ის ამ შემთხვევის შემდეგ მოელოდა, რომ კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი თავად გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, თუმცა ის ასე არ მოიქცა. თეა წულუკიანმა დავით წიკლაურის საქციელის მოტივზეც ისაუბრა.
,,ეს მისი გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ითხოვდა დაფინანსებას. როდესაც მიიღო პასუხი, რომ ეს შეუძლებელია ახლა, მან გააგრძელა შეურაცხყოფა ჩემი მოადგილის,“- აცხადებს მინისტრი.
დავით წიკლაური თეა წულუკიანის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მინისტრმა ეს მის მოსაშორებლად გააკეთა.
,,მოვისმინე ქალბატონ თეა წულუკიანის დაუჯერებელი ბრალდება ჩემ მიმართ.
კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა,იმდენად გამაოგნებელი იყო.
წინა პოსტში დავწერე, კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ,სამინისტროში რომ დაგვიბარეს და ჩვენ ყველას გვეგონა უნდოდათ მოელოცათ ეს გამარჯვება.. სინამდვილეში კი რასაც ქვია გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან..მეტიც,არც მსურს გავიმეორო რა სიტყვები გვაკადრა..და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ,რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს,მერე სულ გაგვინულეს..
მოკლედ,მეგობრებო, წინა სტატუს თუ წაიკითხავთ,მიხვდებით,რომ ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს, ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა.
ვინც მე მიცნობს იცის,როგორი აბსურდულია ეს ბრალდება,იმდენად აბსურდული,რომ განხილვასაც არ დავიწყებ.
უბრალოდ, ყველაფერი ნათელია, ის ფაქტი რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე,აი სწორედ ამ სტატუსით,მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი.აკი შემომითვალეს რომ ჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით,რომ ,,ჩემს უკან ოჯახი დგას” ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა.
მოკლედ როგორც ჩანს ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით,ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება. ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს ისე ჭირდება სპორტს,კულტურას და ახალგაზრდობას..ყველაფერს იმას რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ.
პ.ს. რაც შეეხება მის ნათქვამს,გამეორებაც არ მინდა,კაცისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს ქალზე რომ გაიწევს.. და ტან ამას დააბრალებენ..წინა სტატუსი რომ დავწერე,იქ ადამიანები თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ,ზოგი არც ისე კორექტულად და ჩემი კომენტარიც კი დევს,მოვუწოდე შეურაცხყოფის გარეშე ვაკრიტიკოთ და გენდერული ნიშნით საერთოდ არაფერ შუაშიათქო.თამარის ქვეყანაში ქალი მინისტრი ვის უკვირსთქო.მის არაკომპეტენტურობაზე ვისაუბროთ და პიროვნული ნიშნით არავინ შევურაცხყოთქო. ხოდა აგერაა ის სტატუსიც და კომენტარიც. რას მოვიფიქრებდი,ამას რომ ვწერდი მის თავში,შურისძიების მიზნით ასეთი ცილისწამება თუ ცხვებოდა…ამას მართლა ვერ მოვიფიქრებდი,’’-ნათქვამია დავით წიკლაურის პოსტში.