ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეის კედელზე, ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, პიერ ტერასონის ნამუშევრებია გამოფენილი, რომელიც მსოფლიოს ცნობილი როკერებისა და როკ-ჯგუფების შემოქმედებით პიკს ასახავს.
წარმოდგენილია როგორც ფოტო-კოლაჟები, ასევე ფოტოგრაფის სახვითი ხელოვნების ნიმუშები.
აღნიშნული აქტივობა ,,ქარავან არტ-ფორუმი ქუთაისი 2022’’-ის ფარგლებში განხორციელდა.
,,აქ წარმოდგენილია მიკ ჯაგერის, აერონ მეიდენის, კახა ერისთავის და სხვათა სურათები. პიერ ტერასონმა შეძლო და ამ მუსიკოსების ცხოვრების ყველაზე საინტერესო წუთები და წამები დაიჭირა. გამოფენა განსაკუთრებულია იმით, რომ ეს მუსიკოსები ძალიან ჩაკეტილები იყვნენ, იშვიათად, რომ ვინმე საკუთარ სამყაროში შეეშვათ ,მაგრამ პიერ ტერასონი უშუალო ადამიანი იყო, ამიტომ მან ხელოვანი ადამიანების პირად სივრცეში შეჭრა მოახერხა. გავიდა წლები, მუსიკოსებმა საკუთარი სურათები ნახეს და მადლობაც უთხრეს ფოტოგრაფს, რომ მან მათი ცხოვრების საუკეთესო მომენტები დააფიქსირა. დიდი პატივია ქუთაისისთვის, რომ დღეს ამ ფესტივალს თავად პიერ ტერასონი ესწრება,’’-ამბობს ,,ქარავან არტ-ფორუმი ქუთაისი 2022’’-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი დიჯეი სომალი.
,,ქარავან არტ-ფორუმი ქუთაისი 2022’’-ის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. ფესტივალი 12-დან 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე ქუთაისის მერია.