ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა გვირილობის აღსანიშნავად მესხიშვილის თეატრის სცენაზე კონცერტი გამართა.
ანსამბლის წევრებმა მაყურებელს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარუდგინეს და ქართული კულტურა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.
,,დღეს 2 მაისია და ქალაქს ბევრი სტუმარი ჰყავს. გვინდოდა ჩვენი ნომრებით ამ ხალხს მოვფერებოდით და ქართული ცეკვისა და სიმღერის სისადავე მათთვის წარმოგვეჩინა. ვისაც შეუძლია, ქართულ ცეკვასა და ფოლკლორს მოუაროს, ეს უკვე რაღაცის კეთებას ნიშნავს. ანსამბლი მხოლოდ 11 წელია არსებობს, რაც სახელმწიფო ანსამბლისთვის ძალიან ცოტაა, მაგრამ შედეგი აქვს. დღეს სცენაზე ჩანდა სისადავე და პროფესიონალიზმი,”-ამბობს ქუთაისის ფოლკლორის ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის დირექტორი ზეინაბ ბურჯანაძე.
ქუთაისში “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან იღებს სათავეს. ის გიმნაზიელი გოგონას ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.
გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ.